Sunday, December 9, 2012

მსოფლიოს ხალხთა საახალწლო-საშობაო ტრადიციები

შობა და ახალი წელი ის დღესასწაულებია, რომელსაც მთელ მსოფლიოში დიდი სიხარულით აღნიშნავენ, თუმცა ყველა ქვეყანას თავისებური წესები და ტრადიციები აქვს. მ სტატიაში ყურადღებას კულინარიულ ტრადიციებზე გავამახვილებთ.
            ყველას მოგეხსენებათ, რომ ქართული საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია საცივის, გოზინაყისა და ჩურჩხელების გარეშე. საინტერესოა, რა კერძები ამშვენებს სხვადასხვა ქვეყნის საშობაო თუ საახალწლო სუფრას? შობა უამრავ ქვეყანაში ყველაზე საყვარელ საოჯახო დღესასწაულად ითვლება და საშობაო სუფრაც საუკეთესო ადგილია საყვარელი ადამიანებისა და ახლობლების ერთად შესაკრებად.
         გერმანული შობის ღამე ერთდროულად ძალიან საზეიმო და მადისაღმძვრელია. დიდი ხნის განმავლობაში ღორის ხორცი საშობაო სუფრის მთავარი კერძი იყო, მაგრამ თანამედროვე გერმანიაში მას ნელ-ნელა ფარშირებული შემწვარი ინდაური ანაცვლებს. პოპულარულია პატარა ფხვიერი ორცხობილები, რომელთაც ნაძვის ხის, ვარსკვლავის, თოვლის ბაბუას ფორმა აქვს და ვანილის, დარიჩინის, ილის სურნელს აფრქვევენ. თუმცა მთავარი საშობაო დესერტი მაინც შტოლენია - წაგრძელებული ფორმის არომატული ნამცხვარი, რომელშიც ჩირეული, ნუში, ქიშმიში, რომი, სანელებლები შედის და შაქრის პუდრითაა დაფარული. ეს ნამცხვარი ყრმა ქრისტეს სიმბოლოა.
            ბელგიასა და ლუქსემბურგში შობა წარმოუდგენელია დარიჩინიანი თაფლაკვერების გარეშე, რომელთაც სხვადასხვა პერსონაჟის ფორმა აქვთ. სუფრაზე აუცილებლად დევს შემწვარი ბატი ან ინდაური. ახალი წლის დღეს კი მიირთმევენ ტრადიციულ შუკრუტს: მჟავე კომბოსტოს კერძს, მომზადებულს სხვადასხვა სახის ძეხვეულთან და ხორცთან ერთად.
         ბულგარეთში სუფრაზე უნდა იდოს შვიდი, ცხრა ან თორმეტი სახის კერძი, კვირის შვიდი დღის, ორსულობის ცხრა თვისა და წელიწადის თორმეტი თვის აღსანიშნავად. აცხობენ პურს ,,ბოგოვა პიტას’’, რომელშიც აყოლებენ პატარა მონეტას. ბულგარელების რწმენით, ამ მონეტის მპოვნელს მთელი წელი ბედნიერება არ მოაკლდება.
            ყველა დანიელის სახლში აუცილებლად ცხვება პატარ-პატარა საახალწლო ორცხობილები და ნამცხვრები, ხოლო სუფრას შემწვარ ინდაურთან ერთად ყოველთვის ამშვენებს თევზეული, განსაკუთრებით კი ქაშაყი.
         ესპანეთის კულინარიული ტრადიციები პროვინციების მიხედვით განსხვავდება, თუმცა საშობაო-საახალწლო მენიუ ძირითადად ერთნაირია: შემწვარი ცხვრის ბარკალი, ზღვის პროდუქტი და ინდაური. საშობაო სადილი, როგორც წესი, შუაღამემდე მთავრდება, რადგან თითქმის ყველა ჩქარობს ოჯახთან ერთად შუაღამის წირვაზე დასწრებას. ტკბილეულობიდან ყოველ ესპანურ სუფრაზე შეხვდებით ტურონს: ეს არის შოკოლადის ან ნუგას სახეობა, რომელშიც ამოვლებულიათხილი, ნუში, ნიგოზი, ჩირეული, ჰაეროვანი ბრინჯი და ა.შ. ძველად,  ესპანური ტრადიციის მიხედვით მეზობლები ერთმანეთს ჩუქნიდნენ საუკეთესო ადგილობრივი პროდუქტით - ზეითუნის ზეთით, ღვინით, თხის ყველით, ნუშით, ძეხვეულით და ა.შ. სავსე კალათებს. დღეს ასეთი კალათები ყველა ესპანურ მაღაზიაში იყიდება.
         ფინურ საახალწლო სუფრას ზღვის პროდუქტები ამშვენებს: ორაგული, ქაშაყი სხვადასხვა სოუსით, ხიზილალა. დესერტად კი ზღვის ვარსკვლავის ფორმის ნამცხვარს ამზადებენ.
         პორტუგალიაში მთავარი საახალწლო კერძია ვირთევზა კარტოფილით და ზეითუნის ზეთით და შემწვარი ციკანი. თუმცა თანამედოვე ევროპული გავლენა აქაც შეიმჩნევა და ციკანს სულ უფროდა უფრო ხშირად ანაცვლებენინდაურით.
         ფრანგული საშობაო სუფრა ნამდვილად პომპეზურია. ეს ის დღეა, როცა ყოველი ფრანგი თავს უფლებას აძლევს დელიკატესები დააგემოვნოს: ფუა გრა, ხამანწკები, შებოლილი ორაგულის ფილე თითქმის ყველა სუფრას ამშვენებს. ინდაური წაბლით ტრადიციული საშობაო კერძია საფრანგეთში, ხოლო საშობაო რულეტი - უცვლელი ტკბილეული. საფრანგეთის პროვინციებს, რა თქმა უნდა, თავიანთი წეს-ჩვეულებები აქვთ. მაგალითად, პროვანსში დღემდე ცოცხლობს 13 სახის დესერტის მომზადების ტრადიცია, რომელიც ქრისტესა და მისი 12 მოწაფის სიმბოლოა. ალზასში კი მე-16 საუკუნიდან მოყოლებული, დღემდე ამზადებენ თაფლაკვერს ნუშით, დარიჩინით, ილითა და თაფლით, რომელსაც წმინდა ნიკოლოზს სწირავენ.  იტალიური შობა წარმოუდგენელია ტრადიციული პენეტონეს გარეშე. მისი მრავალი სახეობა არსებობს: კრემიანი, შოკოლადიანი, ჩირეულით და ა.შ. ეს ნამცხვარი შუა საუკუნეებიდან მოყოლებული მზადდება იტალიაში. რეგიონების მიხედვით მრავალფეროვანია ტკბილეულიც, სიცილიაში წარმოუდგენელია დღესასწაული ტრადიციული ტორონის გარეშე. Eეს ესპანური ტურონის აქაური ვარიანტია. ტოსკანაში პანფორტეს ამზადებენ, ეს არის ნუშით, ჩირეულით, ციტრუსით და თაფლით მომზადებული ტკბილეული.
         ჰოლანდიაში საახალწლოდ ინდაურს, ბატს ან კურდღელს ამზადებენ, ტკბილეულიდან კი დარიჩინიანი ნამცხვრებია პოპულარული.
            ტრადიციული პოლონური მენიუ გულისხმობს სოკოს სუპს, ხორცეულს,  სხვადასხვა გულსართიან ღვეზელს, ყაყაჩოს თესლისგან დამზადებულ ნამცხვრებს და 12 სხვადასხვა ხილის კომპოტს, 12 მოციქულის პატივსაცემად.
         ბრიტანული საშობაო სადილის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია შემწვარი ხორცი, ინდაური ან ბატი. საშობაო პუდინგი კი ტიპური ინგლისური დესერტია.
         შვედური საშობაო სადილი ტრადიციული ცივი კერძებით, სმორგასბორდით იწყება: აქ შედის დამარინადებული  ქაშაყი, პაშტეტი, სხვადასხვა სახის ძეხვეული. დესერტად მიირთმევენ რძეში მოხარშულ სანელებლებიან ბრინჯს. ტრადიციული შვედური სასმელია გლოგი - სანელებლებიანი ცხელი ღვინო ქიშმიშითა და ნუშით.
            საინტერესოა უკრაინული საშობაო სუფრა, სადაც ძირითადად მარცვლეულისგან დამზადებული კერძები, ხილი, ბოსტნეული და თევზეულია წარმოდგენილი. მაგიდაზე აუცილებლად უნდა იდოს ხორბლის თავთავი და სამი ერთმანეთზე დაწყობილი სხვადასხვა ზომის საშობაო პური, რომელიც წმინდა სამებას განასახიერებს. რა თქმა უნდა, სუფრას აუცილებლად ამშვენებს მრავალნაირი უკრაინული  ღვეზელი და ვარენიკი.
         ჩინეთში ახალი წელი გაზაფხულზე დგება დასაახალწლო წეს-ჩვეულებებიც განსხვავებულია რეგიონების მიხედვით, მაგრამ არის რამდენიმე კერძი, რომელსაც ჩინელები მთელ ქვეყანაში ერთნაირად აფასებენ და ამზადებენ. ასეთია, მაგალითად, ჩინური რავიოლები Jiaozi,რომელსაც ორთქლზე ამზადებენ და ახალ წელს მიირთმევენ, ხშირად მასში პატარა მონეტას ან სხვა სიურპრიზს დებენ, რომელსაც, მათი რწმენით, მპოვნელისთვის ბედნიერება მოაქვს. ასევე ყველა ჩინელი ახალ წელს აუცილებლად მიირთმევს ბრინჯისგან დამზადებულ ნამცხვარს და ხორბლის ან ბრინჯის ფქვილისგან დამზადებულ გრძელ “სპაგეტის”, რომელიც დღეგრძელობის სიმბოლოა.
         იაპონიაში ახალი წლის აღნიშვნის განსხვავებული წესი აქვთ. Aტრადიცია მოითხოვს, რომ ამ დღეს არაფერი გააკეთონ, საჭმელიც კი, ამიტომ იაპონელი დიასახლისები საახალწლო კერძებს წინასწარ ამზადებენ და ინახავენ. ახალ წელს იაპონიაში აუცილებლად მიირთმევენ სუპს zoni, რომელსაც ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებულად ამზადებენ, თუმცა რამდენიმე უცვლელი ინგრედიენტი აქვს. პოპულარულია ბრინჯის ნამცხვრები და ზღვის პროდუქტის კერძები.
         ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრადიციული საშობაო-საახალწლო მენიუ არ არსებობს. რადგან ინდაური მადლიერების დღის სიმბოლოა, საახალწლოდ შემწვარი ხორცია მთავარი კერძი, სტარტერად შებოლილი ორაგულისგან დამზადებულ სხვადასხვა ვარიაციას მიირთმევენ, დესერტი კი რეგიონალურ კულინარიაზე ან თავად მზარეულზეა დამოკიდებული. თეთრ სახლში აუცილებლად მიირთმევენ ე.წ. ,,პრეზიდენტის ნამცხვარს”, რომლის რეცეპტიც აბრაამ ლინკოლნის დროინდელია. სამაგიეროდ, მთელს ამერიკაში მიირთმევენ ლიქიორ Egg Nog-ს. ეს არის სქელი, სურნელოვანი სასმელი რომით, კვერცხით, სანელებლებითა და რძით.

სუფრა

ჩვენს მიერ უკვე ნახსენებ კახურ სუფრაზე თამადის დატვირთვა და მნიშვნელობა განუზომელია. ბევრის აზრით, კახურ სუფრაზე თამადა დიქტატორია. მისი სადღეგრძელოები მთელი სუფრის განმავლობაში ყველამ (მამაკაცებმა) უნდა შესვას. თუ ეს ასე არ მოხდა, ანუ ”კონტროლი დაირღვა”, მაშინ კახელი თამადა, თავს მოვალედ ჩათვლის, სუფრის წევრს უბრძანოს ”დანებების” ნიშნად ”თითი მოკაკვოს”. კახური სუფრა, როგორც წესი, მარათონია სმაში, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ იქ წარმოთქმული სადღეგრძელოები ქართული ისტორიული ტრადიციების გაგრძელება არ იყოს. თუკი სადმე შემონახულია სადღეგრძელოების უძველესი კულტურული სახეები, ეს უპირველეს ყოვლისა, კახეთშია.
შემთხვევითი სულაც არა არის, შესანიშნავ ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმში ”ღვინის ქურდებში”, კახელი მწყემსები პატარების დალოცვისას წიწილას რომ ისვამენ ხელისგულზე და მისი თამადობით სვამენ ამ სადღეგრძელოს. ეს მხოლოდ მეტაფორა ნამდვილად არ არის. კახეთი, მოგეხსენებათ ისტორიულად მუდამ მტრისგან განადგურების საფრთხის წინაშე იდგა და იქ დაბადებული ყოველი პატარა არსება (თუნდაც წიწილა) მიიჩნეოდა, როგორც ახალი იმედის დაბადება. ასევე ლადო ასათიანის ლექსში ”ლხინი კახელებთან” ძალზე კარგადაა ასახული ასათიანის, ლეჩხუმელი კაცის თვალით დანახული კახური სუფრა – სადღეგრძელოების მთელი ეს განსაკუთრებულობა, რაც დღეს პირუთვნელი სახითაა შემორჩენილი ზოგან. კახეთში ხომ სმაში შეჯობრის გარდა, სადღეგრძელოების ლაზათიანად და შთამბეჭდავად თქმაშიც ეჯიბრებიან ერთმანეთს კაცები.


 ყველასთვის კარგადაა ცნობილი იმერული სტუმართმოყვარეობა და იმერული სუფრის მართლაც რომ განსაკუთრებული ხიბლი. გამოთქმაც არის ასეთი: ”იმერეთში ერთი ქეიფი, ხონთქრის ას წყალობას უდრისო”. იმერეთში სადღეგრძელოები მეტად თავისებური და ორიგინალურია. სუფრა სტუმრების დალოცვით იწყება და ოჯახის (ანუ მასპინძელთა) დღეგრძელობით მთავრდება. ეს თავისთავად ძალზე განსაკუთრებული ფენომენია. სუფრის გაშლის მთავარ მიზეზად სტუმრიანობის მიჩნევა ერთგვარად სტუმრის დაფასების დიდ ტრადიციას გულისხმობს, ხოლო ოჯახის ბოლოს დალოცვა მასპინძლის მხრიდან თავმდაბლობის მაჩვენებელია, ანუ ნაგულისხმევია, რომ ”კი ბატონო, მე, როგორც მასპინძელ;მა გავშალე სუფრა, მაგრამ აქ, შენ, სტუმარი, უფრო მნიშვნელოვანი ხარ, რადგან შენ რომ არ ყოფილიყავი, არც არაფერი იქნებოდაო”.
იმერეთში, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, რა თქმა უნდა განსაკუთრებულ სადღეგრძელოებს დიდი სასმისებით სვამენ, მაგრამ კახეთისგან განსხვავებით იქ სმაში ურთიერთშეჯიბრი შედარებით იშვიათია. იმერეთში სუფრა, უპირველეს ყოვლისა, მხიარულება-გართობის შესაქმნელ ატრიბუტადაა აღქმული, ამიტომ სასმელი, როგორც გუნება-განწყობის გამოსაკეთებელი ფენომენი, ისე მიიჩნევა. სუფრის სამხიარულო განწყობის შექმნის სურვილი იმერლებისთვის დამახასიათებელ სუფრის სადღეგრძელოებშიც შეინიშნება და თამადაც ყოველთვის ცდილობს, არ მოაწყინოს თანამესუფრეები, თუნდაც სადღეგრძელოთა მრავალფეროვნებით (სიმღერის და ცეკვის ნება).

ქართული ცეკვები

      ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება, რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილა სამონადირეო ცეკვა, ნაყოფიერების ღმერთის - მთვარის („შუშპა“) პატივსაცემად შესრულებული რიტუალური ფერხული. უძველესი ფერხულის რიტუალურ ხასიათს ატარებს თრიალეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ვერცხლის ფიალის გამოსახულება (ძვ. წ. II ათასწლეული) — ნიღბებიან მონადირეთა ფერხული, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სვანური ნადირობის ღვთაების — დალისადმი უნდა იყოს მიძღვნილი. სვანეთში დღემდეა შემორჩენილი: „სამონადირეო ფერხული“, „ლემჩილი“, „ბეთქილის ფერხული“ და სხვ. დროთა განმავლობაში პირველყო „ხორუმი“.
    ბაგინეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ძვლის ფირფიტაზე გამოსახული მოცეკვავე ქალის ფიგურა (ძვ. წ. VI ს.) მიუთითებს, რომ ნაყოფიერების ღმერთის ტაძართან იმართებოდა ქალთა რიტუალური ცეკვებიც.
მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარებას მოჰყვა ახალი ადათ-წესების ჩამოყალიბება, რომლებიც აისახა მაგიური ხასიათის რიტუალურ ცეკვებში ,,მელია-ტელეფია’’, ,,ფერხულ-ოსხეპუე’’, ,,ორსართულიანი ფერხული’’, (,,ზემყრელო’’, აბარბარე’’, მირმიქელა’’ და სხვ.). აგრარული შინაარსის მასკარადი ,,ბერიკაობა’’, ,,მფერხაობის დღე’’ და სხვ. ბუნების მწარმოებელი ძალებისა და მათთან დაკავშირებული შრომით პროცესებს ეძღვნება.
    მასობრივ (მამაკაცთა და ქალთა) ცეკვებთან ერთად ძველთაგანვე არსებობდა ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული წყვილთა ცეკვები. წყვილთა ცეკვის ფორმის განვითარებისათვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა სინთეზური თეატრალური სანახაობა ,,სახიობა’’, რომელიც წარმართობის დროის დიდი დღესასწაულების თანმხლები ელემენტი იყო. სახიობის მხატვრული განვითარების პროცესში ჩამოყალიბდა რომანტიკული შინაარსის განსაკუთრებული დიალოგური ფორმა, რომელიც სრულდებოდა სალექსო იმპროვიზაციით, ე. წ. ქალ-ვაჟიანით.
     წმინდა საცეკვაო ელემენტების შერწყმამ ადათ-წესებისა და თამაშობების რიტუალებთან განაპირობა ისეთი ცეკვების შექმნა, როგორიცაა: „ქართული“, ”განდაგანა”, „ხორუმი“, „ფერხულ-ორსართულა“, „სამაია“, „ხანჯლური“, „მთიულური“, „მთიულური დავლური“, „ბაღდადური“ და სხვა. ეს ცეკვები თავისებური ,,აღმოჩენა’’ იყო ქართულ ქორეოგრაფიაში. დროთა განმავლობაში, შეიქმნა მრავალი საცეკვაო დასი, რომლებიც პოპულარიზაციას უწევდნენ ქართულ ქორეოგრაფიას არა მარტო საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. დიდად გაითქვეს სახელი საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლმა (მხატვრული ხელძღვანელები ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი), სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა (ხელმძღვანელი გ. ბაქრაძე, ქორეოგრაფი ბ. დარახველიძე), სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა ,,რუსთავმა’’ (მხატვრული ხელმძღვანელი რ. ჭოხონელიძე),
                                                             xelovneba
       საქართველოს მთიანეთში დაბადებული ეს ცეკვა, თავისი შინაარსითა და ქორეოგრაფიული მონახაზით, გარკვეულწილად ასახავს კიდეც მთის ცხოვრებისთვის დამახასიათებელ მკაცრ და ხისტ ატმოსფეროს, რაც საცეკვაო მოძრაობების დინამიზმსა და სიზუსტეში გამოიხატება. აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ ამ ცეკვას მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ და ეს ასპექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, მთის ბინადართათვის დამახასიათებელ ხასიათის სიმტკიცესა და მდგრადობას, რომლის წარმოჩენაც ცეკვა ”ყაზბეგურის” მთავარი ლაიტმოტივია.

ქართული ტანსაცმელი-მამაკაცისთვის





ახალუხი, საგულე, ქართული ხალხური კოსტიუმის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი. სამოსლის ანალოგიური ტიპი გავრცელებულია კავკასიის ხალხებში და აზიის ზოგ სხვა კუთხეებში. მამაკაცები ახალუხს პერანგზე, ჩოხის ქვეშ იცვამდნენ, ქალები კი კაბის შიგნით.
ახალუხი წელში გამოყვანილი, კალთებიანი, წინ ჩახსნილი, დაბალსაყელოიანი ან გულამოღებული, გრძელსახელოიანი და ვიწრომაჯიანი სამოსელია. თარგისა და დანიშნულების მიხედვით ცნობილია მისი რამდენიმე სახესხვაობა: მოკლე ან გრძელკალთიანი. გულგადაფარებული ანუ გადახვეული, დალიანდაგებული, საზაფხულო (სარჩულიანი) და საზამთრო (დაბამბული). აღმოსავლეთ საქართველოს ბარში გავრცელებული მოკლეკალთიანი, წელში ნაოჭასხმული და ჩაქდაყრილი ახალუხი ყელიდან წელამდე დუგმებზე ან ყაითნის ღილკილოებზე იკვროდა. გრძელი, სწორკალთიანი ახალუხი იმერული ჩოხის თარგთან იყო შეწყობილი. გულგადაფარებული ახალუხის მარცხენა გული მარჯვენაზე იყო გადადებული და აქეთ-იქით სიგრძეზე მრავალი ყაიონის ღოლით შემკული. ზედა სამოსლად ხმარობდნენ აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქის ხელოსნები და წვრილვაჭრები. დალიანდაგებულ ახალუხს უმთავრესად მთაში იცვამდნენ. ახალუხის მასალად გლეხები თალხი ფერის ბამბის წსოვილებს, უმთავრესად სატინს ხმარობდნენ, შეძლებული ფენები კი - ფერად აბრეშუმს, თხელ მაუდს, ხავერდს და სხვა ძვირფას ქსოვილს (ასეთი ახალუხების ჩამოთვლილი XVII-XVIII საუკუეების მზითვის წიგნებსა და ამ პერიოდის სხვა ისტორიულ წყაროებში).






ქართული ტანსაცმელი - სადიაცო

სადიაცო, ჩოფა, ჩოფის ძველნი, ხევსური ქალის კვართისებური კაბა. კერავდნენ ადგილობრივი მოქსოვილი შალისაგან („ტოლი“). ნაჭერს ორად მოკეცავდნენ და ბეჭებში გადაუჭრელად მიიღებდნენ ორ კალთას. თუ ნაჭერი ვიწროგანიანი იყო, კალთებს გვერდებში ირიბად აჭრილ ნაჭერს („აზღოტი“ ) ჩააკერებდნენ. მხრებთან სწორად მიადგამდნენ გრძელ „საფლებს“. საკისრებს შიგნით გამოაკერებდნენ მაღალ და დასარჩულებულ საყელოს. სადიაცოს მუხლებს ქვემოთ „ქოქომონი“ ებმოდა.
სადიაცოები ერთმანეთისაგან გამოირჩეოდა წინა კალთისა და „ქოქომონის“ მიხედვით. იცოდნენ „გლუ“ და „კალთამოკერებული“. ამ უკანასკნელს ზოგჯერ „თიკვჩოფივ“ ერქვა. პირველისაგან განსხვავებით მას „ფარაგს“ ქვემოთ ერთიანი კალთის სანაცვლოდ ორი ფერადი ოთხკუთხედისაგან შედგენილი კალთა უკეთდებოდა.
სადიაცოს საყელო, სახელოები, კალთის ბოლოები და ზურგი საგანგებოდ იყო მორთული გეომეტრიული ფორმის ნაქარგით და ვერცხლის სამკაულებით. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა შუა ნაწილის — „ფარაგის“ მორთვა-შემკობას, სადიაცოზე იკეთებდნენ ნაქსოვ ბრტყელ სარტყელს.






გულისპირი, ქართული ეროვნული კოსტიუმის - ქართული კაბის საგულე. იკეთებდნენ გულამოჭრილი ზედატანის ქვეშ ისე, რომ ნაქარგი კარგად გამოჩენილიყო. გულისპირის საკისრე ოდნავ ამოღებული ჰქონდა და უკან ზონრებით ან ღილებით იკვრებოდა. გულისპირი ქართული კაბის აუცილებელი კომპონენტი იყო სალტიან, ტოტებდაშვებულ სარტყელსა და ყურთმაჯებთან ერთად. მაღალი წოდების ქალის კაბის გულისპირი, სარტყელი და ყურთმაჯები ოქრომკედითა და ძვირფასი თვალმარგალიტით იყო შემკული. ნაქარგობის ძირითად მოტივად იყენებდნენ მცენარეულ ორნამენტს - ვაზის მტევანს, მინდვრის ყვავილს და ა. შ. გლეხის ქალის კაბის სარტყელ-გულისპირი, უმთავრესად დაჩითული ქსოვილებისაგან მზადდებოდა. გულისპირის შემკულობას მამაკაცის ჩაცმულობაშიც დიდი ყურადღება ექცეოდა. საქართველოს ბევრ რაიონში ბამბის ქსოვილის პერანგს გულზე ჩვეულებრივ წითელი აბრეშუმის ოთხკუთხა ქსოვილი ჰქონდა დაკერებული, ფერადი ძაფით იყო ნაქარგი და ყაითნით გაწყობილი. აღსანიშნავია ხევსური ქალის სადიაცოს ფარაგი და მამაკაცის სამოსელი - პერანგი, რომლის მდიდრული ორნამენტებითა და უმთავრესად ჯვრის გამოსახულებებით ნაქარგი გულისპირი თითქოს ბოროტი ძალებისაგან იცავდა ადამიანს.



ქართული კულტურა და ხელოვნება



საქართველო უძველესი, მრავალსაუკუნოვანი და მდიდარი კულტურის მატარებელი ქვეყანაა, რაზეც მეტყველებენ ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის პერიოდში შექმნილი კულტურის ძეგლები და სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშები. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღიცხვამდე, არსებულ ქართული სახელმწიფოებში (იბერია, კოლხეთი) განვითარებული იყო ოქრომჭედლობა და არქიტექტურა, (ვანი, უფლისციხე), ენეოლითის ხანაში ქართველი ტომები აწარმოებდნენ ლითონს, ბერძნული წყაროების და მითების მიხედვით კი კოლხეთი ოქროთი მდიდარი ქვეყანა იყო.

ისტორიული პერიოდების განმავლობაში ქართულ კულტურულ ტრადიციებს სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტრადიცია ერწყმოდა რაც უფრო მეტად ამდიდრებდა ადგილობრივ ცივილიზაციას. განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ანტიკურმა კულტურამ ძველ საქართველოში (გამარჯვების ქალღმერთის ნიკეს ქანდაკება, ვანი).

ძველი ცნობებით ქართული ანბანი შექმნა ქართლის მეფემ ფარნავაზმა(ძვ.წელთაღრიცხვით 3-4 საუკუნე). მცხეთაში, არმაზისხევში აღმოჩენილია მეორე საუკუნის ორენოვანი ბილინგვა. ქართული დამწერლობის ნიმუში ნაპოვნია პალესტინაში და თარიღდება მე-5 საუკუნის 30-იანი წლებით. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ წარწერათა შორის უძველესია ბოლნისის სიონოს წარწერა (493—494).
პირველი ქართული ლიტერატურული ძეგლი არის ჰაგიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოები “შუშანიკის წამება” (მე-5 საუკუნე), რომლის ავტორია იაკობ ხუცესი, ცურტაველი.


მეოთხე საუკუნეში, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ საფუძველი ჩაუყარა ახალ ქართულ, ქრისტიანულ კულტურას. ქართულმა ქრისტიანულმა კულტურამ განსაკუთრებული აღორძინება განიცადა IX საუკუნიდან, როდესაც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში(ტაო-კლარჯეთში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორია), ჩამოყალიბდა საეკლესიო-კულტურული ძეგლები: ხანძთა, ოპიზა, შატბერდი, იშხანი, ოშკი და სხვა. ამაში უდიდესი ღვაწლი მიუძღოდა გრიგოლ ხანძთელს,, რომელიც სათავეში ედგა სამონასტრო ცხოვრებას ამ მხარეში.

ქართული კულტურის რენესანსის ხანაა XII-XIII საუკუნეები. Aამ დროს აშენდა ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ნიმუშები (გელათის, იკორთის, ბეთანიის, ქვათახევის ტაძრები, სვეტიცხოველი), დაიწერა არა მხოლოდ ამ ეპოქის, არამედ საერთოდ ქართული მწერლობის უბრწყინვალესი ნიმუში შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”. გელათის ეკლესიაში დაარსდა აკადემია, რომლის ხემძღვანელიც ცნობილი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი იყო.

მუდმივი ომიანობის და შემოსევების გამო, მეჩვიდმეტე საუკუნემდე ქართული კულტურა რეგრესს განიცდიდა. 1629 წელს გამოიცა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი. Aამ პერიოდში აგრეთვე მოღვაწეობდა ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი დავით გურამიშვილი (1705-1792) (დავითიანის ავტორი), ასევე სულხან საბა ორბელიანი (სიტყვის კონა, სიბრძნე სიცრუისა) ვახტანგ მეექვსე, ბესიკი, არჩილი.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში საქრთველოში განსაკუთრებულად აღორძინდა მწერლობა, პოეზია და პუბლიცისტიკა (ნიკოლოზ ბარათაშვილი, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, ვაჟა ფშაველა და სხვა.)

მეოცე საუკუნეშე მოღვაწეობდნენ მსოფლიო მნიშვნელობის ქართული მეცნიერების და ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენლები რომელთა შესახებ ჩვენს გვერდძე შეძლებთ მრავალი საინტერესო ინფორმაციის მოძიებას.

და ბოლოს მკითხველს ალბათ დააინტერესებს ის ფაქტი, რომ რამდენიმე წლის წინ დმანისში არქეოლოგიურმა გათხრებმა აღმოაჩინა ევრაზიის ტერიტორიაზე პირველი ადამიანების თავისქალები, რომლებიც მიჩნეულნი არიან პირველ ევროპელებად და ცხოვრობდნენ მილლიონ რვაასიათასი წლის წინ.

ქართველები ყოველთვის ამაყობენ თავისი მრავალსაუკუნოვანი კულტურული ტრადიციებით და თუმცა საქართველო პატარა ქვეყანაა, იგი ყოველთვის ცდილობდა თავისი წვლილი შეეტანა მსოფლიო ცივილიზაციის განვითარების პროცესში.