Sunday, December 9, 2012

სუფრა

ჩვენს მიერ უკვე ნახსენებ კახურ სუფრაზე თამადის დატვირთვა და მნიშვნელობა განუზომელია. ბევრის აზრით, კახურ სუფრაზე თამადა დიქტატორია. მისი სადღეგრძელოები მთელი სუფრის განმავლობაში ყველამ (მამაკაცებმა) უნდა შესვას. თუ ეს ასე არ მოხდა, ანუ ”კონტროლი დაირღვა”, მაშინ კახელი თამადა, თავს მოვალედ ჩათვლის, სუფრის წევრს უბრძანოს ”დანებების” ნიშნად ”თითი მოკაკვოს”. კახური სუფრა, როგორც წესი, მარათონია სმაში, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ იქ წარმოთქმული სადღეგრძელოები ქართული ისტორიული ტრადიციების გაგრძელება არ იყოს. თუკი სადმე შემონახულია სადღეგრძელოების უძველესი კულტურული სახეები, ეს უპირველეს ყოვლისა, კახეთშია.
შემთხვევითი სულაც არა არის, შესანიშნავ ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმში ”ღვინის ქურდებში”, კახელი მწყემსები პატარების დალოცვისას წიწილას რომ ისვამენ ხელისგულზე და მისი თამადობით სვამენ ამ სადღეგრძელოს. ეს მხოლოდ მეტაფორა ნამდვილად არ არის. კახეთი, მოგეხსენებათ ისტორიულად მუდამ მტრისგან განადგურების საფრთხის წინაშე იდგა და იქ დაბადებული ყოველი პატარა არსება (თუნდაც წიწილა) მიიჩნეოდა, როგორც ახალი იმედის დაბადება. ასევე ლადო ასათიანის ლექსში ”ლხინი კახელებთან” ძალზე კარგადაა ასახული ასათიანის, ლეჩხუმელი კაცის თვალით დანახული კახური სუფრა – სადღეგრძელოების მთელი ეს განსაკუთრებულობა, რაც დღეს პირუთვნელი სახითაა შემორჩენილი ზოგან. კახეთში ხომ სმაში შეჯობრის გარდა, სადღეგრძელოების ლაზათიანად და შთამბეჭდავად თქმაშიც ეჯიბრებიან ერთმანეთს კაცები.


 ყველასთვის კარგადაა ცნობილი იმერული სტუმართმოყვარეობა და იმერული სუფრის მართლაც რომ განსაკუთრებული ხიბლი. გამოთქმაც არის ასეთი: ”იმერეთში ერთი ქეიფი, ხონთქრის ას წყალობას უდრისო”. იმერეთში სადღეგრძელოები მეტად თავისებური და ორიგინალურია. სუფრა სტუმრების დალოცვით იწყება და ოჯახის (ანუ მასპინძელთა) დღეგრძელობით მთავრდება. ეს თავისთავად ძალზე განსაკუთრებული ფენომენია. სუფრის გაშლის მთავარ მიზეზად სტუმრიანობის მიჩნევა ერთგვარად სტუმრის დაფასების დიდ ტრადიციას გულისხმობს, ხოლო ოჯახის ბოლოს დალოცვა მასპინძლის მხრიდან თავმდაბლობის მაჩვენებელია, ანუ ნაგულისხმევია, რომ ”კი ბატონო, მე, როგორც მასპინძელ;მა გავშალე სუფრა, მაგრამ აქ, შენ, სტუმარი, უფრო მნიშვნელოვანი ხარ, რადგან შენ რომ არ ყოფილიყავი, არც არაფერი იქნებოდაო”.
იმერეთში, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, რა თქმა უნდა განსაკუთრებულ სადღეგრძელოებს დიდი სასმისებით სვამენ, მაგრამ კახეთისგან განსხვავებით იქ სმაში ურთიერთშეჯიბრი შედარებით იშვიათია. იმერეთში სუფრა, უპირველეს ყოვლისა, მხიარულება-გართობის შესაქმნელ ატრიბუტადაა აღქმული, ამიტომ სასმელი, როგორც გუნება-განწყობის გამოსაკეთებელი ფენომენი, ისე მიიჩნევა. სუფრის სამხიარულო განწყობის შექმნის სურვილი იმერლებისთვის დამახასიათებელ სუფრის სადღეგრძელოებშიც შეინიშნება და თამადაც ყოველთვის ცდილობს, არ მოაწყინოს თანამესუფრეები, თუნდაც სადღეგრძელოთა მრავალფეროვნებით (სიმღერის და ცეკვის ნება).

No comments:

Post a Comment