ქართველი ქალის სამოსი

სადიაცო, ჩოფა, ჩოფის ძველნი, ხევსური ქალის კვართისებური კაბა. კერავდნენ ადგილობრივი მოქსოვილი შალისაგან („ტოლი“). ნაჭერს ორად მოკეცავდნენ და ბეჭებში გადაუჭრელად მიიღებდნენ ორ კალთას. თუ ნაჭერი ვიწროგანიანი იყო, კალთებს გვერდებში ირიბად აჭრილ ნაჭერს („აზღოტი“ ) ჩააკერებდნენ. მხრებთან სწორად მიადგამდნენ გრძელ „საფლებს“. საკისრებს შიგნით გამოაკერებდნენ მაღალ და დასარჩულებულ საყელოს. სადიაცოს მუხლებს ქვემოთ „ქოქომონი“ ებმოდა.
სადიაცოები ერთმანეთისაგან გამოირჩეოდა წინა კალთისა და „ქოქომონის“ მიხედვით. იცოდნენ „გლუ“ და „კალთამოკერებული“. ამ უკანასკნელს ზოგჯერ „თიკვჩოფივ“ ერქვა. პირველისაგან განსხვავებით მას „ფარაგს“ ქვემოთ ერთიანი კალთის სანაცვლოდ ორი ფერადი ოთხკუთხედისაგან შედგენილი კალთა უკეთდებოდა.
სადიაცოს საყელო, სახელოები, კალთის ბოლოები და ზურგი საგანგებოდ იყო მორთული გეომეტრიული ფორმის ნაქარგით და ვერცხლის სამკაულებით. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა შუა ნაწილის — „ფარაგის“ მორთვა-შემკობას, სადიაცოზე იკეთებდნენ ნაქსოვ ბრტყელ სარტყელს.






გულისპირი, ქართული ეროვნული კოსტიუმის - ქართული კაბის საგულე. იკეთებდნენ გულამოჭრილი ზედატანის ქვეშ ისე, რომ ნაქარგი კარგად გამოჩენილიყო. გულისპირის საკისრე ოდნავ ამოღებული ჰქონდა და უკან ზონრებით ან ღილებით იკვრებოდა. გულისპირი ქართული კაბის აუცილებელი კომპონენტი იყო სალტიან, ტოტებდაშვებულ სარტყელსა და ყურთმაჯებთან ერთად. მაღალი წოდების ქალის კაბის გულისპირი, სარტყელი და ყურთმაჯები ოქრომკედითა და ძვირფასი თვალმარგალიტით იყო შემკული. ნაქარგობის ძირითად მოტივად იყენებდნენ მცენარეულ ორნამენტს - ვაზის მტევანს, მინდვრის ყვავილს და ა. შ. გლეხის ქალის კაბის სარტყელ-გულისპირი, უმთავრესად დაჩითული ქსოვილებისაგან მზადდებოდა. გულისპირის შემკულობას მამაკაცის ჩაცმულობაშიც დიდი ყურადღება ექცეოდა. საქართველოს ბევრ რაიონში ბამბის ქსოვილის პერანგს გულზე ჩვეულებრივ წითელი აბრეშუმის ოთხკუთხა ქსოვილი ჰქონდა დაკერებული, ფერადი ძაფით იყო ნაქარგი და ყაითნით გაწყობილი. აღსანიშნავია ხევსური ქალის სადიაცოს ფარაგი და მამაკაცის სამოსელი - პერანგი, რომლის მდიდრული ორნამენტებითა და უმთავრესად ჯვრის გამოსახულებებით ნაქარგი გულისპირი თითქოს ბოროტი ძალებისაგან იცავდა ადამიანს.

No comments:

Post a Comment